ამონარიდი სწავლებიდან
2004 წლის 15 სექტემბერი.ხუთშაბათი,18:40 წუთი.ამონარიდი ჩემი დღიურებიდან
მახსოვს, პირველი გაკვეთილი რომ დაიწყო, სიჩუმე ისეთი მძიმე იყო, თითქოს ჰაერში უჩინარი ხელები ჩემი გონების კარიბჭეს აღებდა.ოთახი სადაც შევედი,არც გარედან ჩანდა და არც რაიმე ნიშნით იყო აღნიშნული. ის მხოლოდ მათთვის არსებობდა, ვისაც გზის პოვნა შეეძლო.
“პირველი გაკვეთილი არ არის სწავლა,”
— მითხრა მოძღვარმა,რომელსაც თეთრი ხის ჩირაღდანი ეჭირა ხელში,
— “პირველი გაკვეთილი დავიწყებაა. აქამდე რაც გსმენია, დაივიწყე. აქამდე ვინც იყავი, აღარ ხარ.”
მისი სიტყვები სიცარიელესავით ჩამეღვარა სულში. თითქოს, იმ მომენტში, ჩემი ძველი „მე“ კვდებოდა, მაგრამ უცნაურია
—არ განვიცდიდი შიშს. პირიქით, ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა, თითქოს, ბოლოს და ბოლოს, მოვაღწიე ადგილას, რომელიც ყოველთვის მეკუთვნოდა.
მდუმარედ დავჯექი იატაკზე,ფილების ცივ ზედაპირზე.ოთახში არ იყო არცერთი ხელოვნური სინათლის წყარო, მაგრამ ბნელი არ იყო
—თითქოს თავად ჰაერი ანათებდა იქაურობას. მოძღვარმა ხელი აღმართა და ერთი მუჭა შავი ქვიშა მტვერივით მიმოფანტა ჰაერში. გრილი ნიავი წამში ჩამოემხო ჩემს ირგვლივ და თვალები უნებურად დავხუჭე.
“პირველი ცოდნა შენი ჩრდილია,”
— წარმოთქვა მან.
როდესაც თვალები გავახილე, ჩემს წინ მე თავად ვიდექი
—მაგრამ რაღაც უცნაური იყო ეს ყოველივე. ეს ჩემი ანარეკლი არ იყო. ის მოძრაობდა ოდნავ დაგვიანებული მოქმედებით, თითქოს ჩემგან დამოუკიდებლად ფიქრობდა. შევცბი. მასაც შეეშინდა. დავიძარი და ისიც დაიძრა.
“ეს შენ ხარ და ეს შენ არ ხარ,”
— თქვა მოძღვარმა.
— “ეს შენი ჩრდილია, შენი აზრების, შენი შიშების, შენი ფარული ბუნების ანარეკლი. სანამ მას არ შეისწავლი, ვერ გაიგებ, ვინ ხარ სინამდვილეში.”
ჩრდილი მომიახლოვდა. მისი თვალები ჩემნაირი იყო, მაგრამ სიღრმეში რაღაც სხვა იმალებოდა. თითქოს მთელი ჩემი ქვეცნობიერი ჩემს წინ იყო, და მე პირველად ვუყურებდი მას ასე ახლოდან.
“მაგია საკუთარი ჩრდილის გაცნობით იწყება,”
— დაიჩურჩულა მოძღვარმა.
— “მხოლოდ ის, ვინც საკუთარ თავს მიიღებს, სამყაროს საიდუმლოებებს შეიცნობს.”
ჩემს წინ მდგომმა ჩრდილმა ღიმილით შემომანათა
—და მივხვდი, რომ გზა, რომელიც ამ დღეს დაიწყო, უკან დასაბრუნებელი აღარ იყო.


❤️